ბლოგი

Blog Single Image

კასპის სკოლა გიმნაზიაში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ამსახველი მუზეუმი გაიხსნა

 

2016 წლის 20 სექტემბერს კასპის სკოლა გიმნაზიაში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ამსახველი მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის გახსნის ცერემონიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დირექტორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, ორგანიზაცია PH International-ის , კასპის მუზეუმების გაერთიანების, კომპანია ჰაიდელბერგცემენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოება „ბილიკის“ და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ იქ წარმოდგენილი საგამოფენო ბანერები, საარქივო დოკუმენტები, ფოტო მასალა და საკნები, სკოლის შენობაში საბჭოთა პერიოდში მილიცია ფუნქციონირებდა. მუზეუმის გახსნა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. მუზეუმის გახსნის იდეა შსს-ს მეორე განყოფილების არქივის უფროსს ვანო ჯახუას ეკუთვნის. მუზეუმის გახსნას წინ უძღვოდა მცირე გრანტის პროექტი „წარსულის კვალდაკვალ“, რომელიც სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნინო ნიპარიშვილმა და მისმა მოსწავლეებმა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს. პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეების მიერ ჩატარდა გამოკითხვა „რა იცით კასპის რეპრესირებული მოქალაქეების შესახებ“, მოეწყო შეხვედრა არქივის ხელმძღვანელთან, ვიზიტი თბილისის ოკუპაციის მუზეუმში, მოსწავლეებმა გადაიღეს და დაამონტაჟეს ფილმი, რომელიც საბჭოთა რეპრესირებული ქალის ცხოვრებას ასახავდა, საზოგადოება „ბილიკში“ მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში „ქალი- წარსული და თანამედროვეობა“. აღნიშნული პროექტის მხარდამჭერები იყვნენ სკოლა- გიმნაზიის დირექცია, შსს-ს არქივი და ბატონი ვანო ჯახუა და კომპანია ჰაიდელბერგ ცემენტი. მუზეუმის გახსნაში უდიდესი წვლილი შეიტანეს გიმნაზიის მოსწავლეებმა, მათ 170 რეპრესირებული ადამიანის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია. შეხვდნენ მათ შთამომავლებს, მოიძიეს ფოტომასალა. მოსწავლეებმა ფართო საზოგადოებას გააცნეს ქალაქის ისტორია და ადამიანები, რომლებიც კონკრეტული რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმის გახსნას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრო, „დღეს ამ საკნებს პირვანდელი სახე დაუბრუნდა და მასში მუზეუმი მოეწყო, სადაც რეჟიმის მსხვერპლთა შესახებ ფოტო და სხვა დოკუმენტური მასალები განთავსდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცოდნენ საბჭოთა ოკუპაციის მძიმე შედეგები და გაითავისონ რომ მშვიდობის, თავისუფლების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია",- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა მუზეუმის გახსნის თანადაფინანსება განეხორციელებინა. ღონისძიებაზე ისტორიკოსმა ოთარ ჯანელიძემ და შსს-ს არქივის დირექციამ მუზეუმს წინები აჩუქეს და თანამშრომლობას დაპირდნენ, ასევე თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. მუზეუმში სამომავლოდ საჩვენებელი და ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება და ფილმების ჩვენება იგეგმება, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შეიტყონ თუ რა ხდებოდა საბჭოთა პერიოდში, ნებისმიერ მსურველს შეეძლება ადგილზე მისვლა და მუზეუმის დათვალიერება. სტუმრებს გიდობას კი თავად მოსწავლეები გაუწევენ. „დღევანდელი დღე მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი მიზანია მუზეუმი განვითარდეს, შეემატოს უფრო მეტი ექსპონატი“- სთქვა დასასრულს ნინო ნიპარიშვილმა.