ორგანიზაცია PH International საქართველო, ორგანიზაცია MAC Georgia-სთან ერთად აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს სკოლებისათვის. კონკურსი ტარდება სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.
საგრანტო კონკურსი ხელს შეუწყობს სასკოლო ინიციატივების დაფინანსებას, რათა შეიქმნას უფრო ხელმისაწვდომი გარემო შშმ მოსწავლეთათვის, ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება იმ პრობლემების შესახებ, რომლებთან გამკლავებაც უწევთ შშმ პირებსა და მათზე მზრუნველ ადამიანებს. საგრანტო კონკურსის მიზანია სკოლამ შეძლოს შშმ მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილება, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ ჩართულობას სკოლისა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარება-გამოვლენას.
საგრანტო კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ისეთი სასკოლო ინიციატივების განხორციელება, რომლებიც სკოლას დაეხმარება უკეთესი გარემო და მომსახურება შესთავაზოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს, მაქსიმალურად დაეხმაროს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაში, მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათზე მზრუნველ ადამიანებს.
საგრანტო კონკურსის პრიორიტეტი
ყველა წარმოდგენილი იდეა უნდა ითვალისწინებდეს შშმ პირთა და მათი ოჯახების მხარდაჭერას. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ იდეებს, სადაც ნათლად ჩანს სკოლის, მოსწავლეების, მშობლების, პედაგოგების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა თუ ბიზნეს სექტორის ჩართულობა. შესაბამისად, შეირჩევა ის პროექტები, სადაც გამოკვეთილია თანამშრომლობა და პარტნიორის მხრიდან თანამონაწილეობა (რესურსებით თანამონაწილეობა ან თანხობრივი თანამონაწილეობა) პროექტის განხორციელების დროს.
საგრანტო კონკურსში ასევე უპირატესობა მიენიჭება ინოვაციურ საპროექტო იდეებსაც.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საქართველოს ყველა რეგიონში, თბილისის გარდა. სკოლების ჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
კონსულტაციები
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის „მომავლის თაობა“ შესაბამისი რეგიონის პარტნიორ ორგანიზაციას. ორგანიზაციების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
შეკითხვები ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ პორტალის www.initiatives.ge – ს (კონტაქტების განყოფილებიდან „თემატური კითხვები“-ს საშუალებით), ან ფეისბუქგვერდის სამოქალაქო ინიციატივები/"მომავლის თაობა"- მეშვეობით ან კი ელ. ფოსტაზე: inga.kibrotsashvili@ph-int.org
გრანტის პირობები
გრანტით დაფინანსდება პროექტები, რომელთა ღირებულება არ აღემატება 2450 ლარს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება ხელფასები და ჰონორარები. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, გრანტის გამცემთან შეთანხმებით, იქნება შესაძლებელი მოწვეული სპეციალისტების ჰონორარების დაფინანსება.
სააპლიკაციო ფორმის შევსება
საგრანტო წინადადებების წარდგენა ხდება ონლაინ www.initiatives.ge - ს საშუალებით. თუ თქვენ საგრანტო პორტალზე არ გაქვთ რეგისტრაცია გავლილი, ღილაკზე „პროფილი“ დაწკაპუნების შემდეგ მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა ჩვენს მონაცემთა ბაზაში. მას შემდეგ, რაც გაივლით რეგისტრაციას, საჭირო იქნება „აპლიკაციის შევსების“ ღილაკზე დაწკაპუნება, რომლის შემდეგ გამოჩნდება გრანტის განაცხადის ონლაინ ფორმა.
იმ შემთხვევაში თუ www.initiatives.ge -ზე უკვე რეგისტრირებული ხართ, ღილაკის „პროფილი“ მეშვეობით უნდა გაიაროთ ავტორიზაცია თქვენი მონაცემებით (მომხმარებლის სახელი და პაროლი), მოძებნოთ ინფორმაცია მიმდინარე საგრანტო კონკურსის შესახებ (ქვემოთ) და შემდეგ მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებული „აპლიკაციის შევსების“ ღილაკის მეშვეობით დაიწყოთთ განაცხადის შევსება.
საგრანტო განაცხადის ონლაინ ფორმა წარმოდგენილი უნდა იყოს მაქსიმუმ 3 - 4 წუთიანი ვიდეო პრეზენტაციის სახით, სადაც განმცხადებელი ვიზუალურად წარმოადგენს პროექტის იდეას. საჭიროების შემთხვევაში აჩვენებს იმ სივრცეს ან ადგილს, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს. ვიდეოგანაცხადში ასევე ჩაწერილი უნდა იყოს სკოლის ადმინისტრაციის, პროექტში ჩართული წევრების ან/და პარტნიორების კომენტარები, რაც დაადასტურებს პროექტში მათ მონაწილეობას. ვიდეო პრეზენტაცია უნდა იყოს სამ ნაწილად დაყოფილი:
1. რა არის პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც იგეგმება პროექტი?
2. რა ქმედებები იგეგმება პროექტის ფარგლებში აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად?
3. რა შედეგი დადგება პროექტის განხორციელების შემდეგ და ვინ მიიღებს სარგებელს?
მას შემდეგ, რაც განმცხადებელი შეავასებს ონლაინ განაცხადის ყველა სავალდებულო ველს და ატვირთავს ვიდეო პრეზენტაციას, განაცხადი ავტომატურად გაიგზავნება საგრანტო კონკურსის ჟიურის წევრებთან შესაფასებლად.