პროექტის მიზანია:
მოსწავლეთათვის მოქალქეობრივი კომპეტენციის განვითარების გზით, ხელი შეუწყოს მათ ჩართულობას სასკოლო და სამოქალაქო აქტივობებში.
მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში „უფროსი მეგობრის კლუბის“ პროექტის ამოცანაა კონკრეტული აქტივობების განხორციელება, რათა შეიქმნას საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ასამაღლებელი პოსტერები ყველა კლასისთვის, ვითანამშრომლოთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ზებრა გადასასვლელისა და შუქნიშნის განახლების მიზნით (ადვოკატირების პრინციპით) და მოვაწყოთ სასწავლო ტური ეკოლოგიასთან დაკავშირებული ცნობიერების ასამაღლებლად.
მცირე გრანტების კონკურსი ჩვენთვის არის შესაძლებლობა მეტი მოტივაციით გავაგრძელოთ მუშაობა.
განმახორციელებელი გუნდი:
პროექტის განმახორციელებელი გუნდი შედგება ქალაქ რუსთავის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის #24 ქართული გიმნაზიის X კლასის ხუთი მოსწავლისგან.
ჩვენი გუნდის 5 წევრის ლიდერობითა და დამატებით 15 მეათე კლასის მოსწავლის მონაწილეობით განხორციელდება აქტიური მოქალაქეობის წახალისებისკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობები. პროექტის შედეგების მდგარდობისა და რეპლიკაციისთვის, პროექტში მეათე კლასელებთან ერთად ჩართულები იქნებიან, ჩვენს კლასთან „დამეგობრებული“, ამავე სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები. პროექტის განხორციელება დაეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებსა და „სწავლება კეთებით“ მიდგომას.
საინიციატივო ჯგუფის გამოცდილება:
ჩვენი გუნდის ინიციატივით, მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში ჩამოვაყალიბეთ „უფროსი მეგობრის კლუბი“, რომლის ფარგლებშიც მოხდა ჩვენი კლასისა და ჩვენივე სკოლის პირველი კლასის დამეგობრება. აღსანიშნავია, რომ ჩვენს კლასთან დამეგობრებულ პირველ კლასს ხელმძღვანელობს ნაირა მასწავლებელი, რომელიც იყო ჩვენი კლასის დამრიგებელი დაწყებითი სწავლების საფეხურზე. „უფროსი მეგობრის კლუბის“ მიზანია ხელი შეუწყოს სკოლაში მოსწავლეთა შორის მეგობრობას, ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ბულინგისა და ძალადობის პრევენციას. ჩვენი გუნდის ინიციატივით პირველ კლასელებს მოვუწყვეთ სკოლის შიდა ექსკურსია, სკოლის გაცნობისა და უკეთესი ადაპტაციის მიზნით. ასევე ვაწყობთ პერიოდულ შეხვედრებს, რომელთა ფარგლებშიც უმცროსკლასელებს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვასა და სხვა სასკოლო აქტივობებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ „უფროსი მეგობრის“ კლუბმა გაამართალა მისი სახელი და ჩვენც, ჩვენის მხრივ შევიძინეთ უფროსი მეგობრები პირველ კლასელთა მშობლების სახით. ისინი ჩვენთან ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში. კარგი მაგალითია, რომ ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის შესახებ და ორი მათგანი აღნიშნული პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე გაგვიწევს მენტორობას.
პროექტის შესაბამისობა კრიტერიუმებთან:
პროექტის შინაარსი ესადაგება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის შემდეგ კრიტერიუმებს:
1. ახალგაზრდების მიერ ადგილობრივი პრობლემების მოგვარება სხვადასხვა მხარეებთან თანამშრომლობით
2. საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობა
3. მოსწავლეთა ინიციატივები სასკოლო გარემოს გასაუმჯობესებლად
4. სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა
5. სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა
6. სკოლასა და საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარება კერძო სექტორთან თანამშრომლობით
7. ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემების ადვოკატირება მოსწავლეთა მიერ