ბლოგი

Blog Single Image

სოფელ გურკელში კომპიუტერული ცენტრი გაიხსნა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის მოსწავლეების ინიციატივით, სამოქალაქო განათლების პროგრამა  “მომავლის თაობა” ფარგლებში, განხორციელდა პროექტი  „მეგობრობა გზად და ხიდად“. მოსწავლეთა პროექტი დაფინანსდა ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის" მიერ. პროექტის  მიზანი იყო, კომპიუტერული ცენტრი გახსნა და სპეციალური საჭიროების მქონე რუსლან ჩუტკერაშვილისთვის დასაქმების შესაძლებლობის შექმნა. 
მოსწავლეთა ინიციატივას მხარდამჭერები გამოუჩნდნენ - კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ცენტრმა პროექტის ბენეფიციარს გადასცა 2 კომპიუტერი სრული აღჭურვილობით. სკოლამ გრანტის ფარგლებში მიღებული თანხით შეიძინა ავეჯი და საკანცელარიო ნივთები ცენტრისთვის. კერძო სექტორის და ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლებმა  ბენეფიციარს  გადასცეს სარემონტო მასალები, ოთახის კეთილმოწყობისათვის.
 
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა რუსლან ჩუტკერაშვილისთვის უზრუნველყო კომპიუტერისა და ბუღალტერიის საბაზისო კურსის გავლა, რის შემდეგაც რუსლანი დამოუკიდებლად შეძლებს  უზრუნველყოს ცენტრის ფუნქციონირება, მოემსახუროს მოსახლეობას, რაც ასევე გაზრდის მის შემოსავლებს, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ხელს შეუწყობს მისი შესაძლებლობების განვითარებას.
 
2016 წლის 26 სექტემბერს, პროექტის დახურვისა და კომპიუტერული ცენტრის გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური, სოციალური სამსახური, გუბერნიის, საკრებულოს, კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ცენტრის და PH International-ის წარმომადგენელები.    სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა თამილა ადვაძემ რუსლანს გადასცა ოპერაციისათვის სახელმწიფო დაფინანსების თანხმობა 2000 ლარის ოდენობით, თუმცა რუსლანის ოპერაციისათვის ეს თანხა არ არის საკმარისი, მას დამატებით 4000 ლარი ესაჭიროება. მოწვეულმა სტუმრებმა მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს რუსლანის ოპერაციის დასაფინანსებლად, ასევე მომავალში იგეგმება მოსწავლეთა აქციები  და რუსლანისთვის საბანკო ანგარიშის  გახსნა, რაც ყველა კეთილმოსურნეს საშუალებას მისცემს დაეხმაროს 32 წლის რუსლან ჩუტკერაშვილს.  
 
ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი გაზეთის  „სამხრეთის კარიბჭე“ და  ტელეკომპანია „მე-9 არხი“ მიერ.
 
პროექტი „მეგობრობა გზად და ხიდად“ განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამა  “მომავლის თაობა” ფარგლებში.  მოსწავლეთა პროექტი დაფინანსდა ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის" მიერ. 
 
პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. სამცხე ჯავახეთის  რეგიონში პროგრამას პარტნიორობას უწევს „ახალციხის ახალგაზრდული  ცენტრი“.