პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ ქართველი და არაქართველი მოსწავლეების ურთიერთდაახლოებას, მათში ტოლერანტული უნარ-ჩვევების განვითარებას და ურთიერთთანამშრომლობის გზით, გამოვცეთ შემეცნებითი ჟურნალი: „მრავალფეროვნება და ერთიანობა“. ჟურნალში გაშუქებული იქნება საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების (ებრაელების, სომხების, იეზიდების, აზერბაიჯანელების, ბერძნების) საქართველოში განსახლების ისტორია, მათი ურთიერთობა ქართველებთან, როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული კუთხით, ტრადიციები, ზნე-ჩვეულებები და სხვ. ვფიქრობთ, რომ სკოლის მოსწავლეებში ამ მიმართულებით წარმართული მუშაობა ხელს შეუწყობს ტოლერანტული უნარჩვევების განვითარებას, ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებასა და მომავალში სდასხვა ეროვნების მოსწავლეთა ინტეგრაციას სამოქალაქო საზოგადოებაში.
პროექტზე მუშაობა წარიმართება ორ ეტაპად.
I ეტაპი.
მუშაობაში ჩაერთვებიან ქ. თბილისის არაქართულენოვანი/ორსექტორიანი (რუსულ-ქართული, ან რუსულ-სომხური სკოლეაბის (177-ე, 132-ე) და ჩვენი სკოლის (136-ე) 30 მოსწავლე - მე-9, მე-10 და მე-11 კლასებიდან. ასევე პროექტში თანამონაწილეობის პრინციპით მოხალისეობის საწყისებზე მონაწილეობას მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაცია New People Generation, რომელიც პროექტზე მუშაობის პირველ ეტაპზე მოსწავლეთა ჯგუფებთან ჩაატარებს ტრენინგებს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების ინტეგრაციის ხელშესაწყობად.
მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში - ყოველ შაბათ-კვირას, 136-ე საჯარო სკოლის კომპიუტერულ კლასკაბინეტში და ბიბლიოთეკაში გაივლიან 3 საათიან ტრენინგკურს, რომლებსაც წარუძღვებიან ორგანიზაცია New People Generation-ის ტრენერები.
ტრეინინგები მოიცავს შემდეგ თემებს: 1. პროაქტიულობა; 2. კონფლიქტების მართვა; 3. ლიდერობა და გუნდური მუშაობა; 4. გუნდური მუშაობა – თამაშები, სიმულაცია, ენერჯაიზერები.
ტრეინინგის განმავლობაში მოსწავლეები გარდა თეორიული მასალისა, მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებენ შესაბამისი დავალებების შესასრულებლად, რომლებსაც ექნება სიტუაციების განხილვის, დისკუსიების, თამაშების სახე. თითოეული ტრეინინგის ხანგრძლივობაა 3 საათი.
ტრენინგების მსვლელობისას მოსწავლეთაგან ჩამოყალიბდება 5 კაციანი შერეული სამუშაო ჯგუფები, რომლებსაც დაევალებათ ტრენინგიდან ტრენინგამდე (ერთი კვირის განმავლობაში) მოამზადონ მასალები ჟურნალის გამოსაცემად. კერძოდ, მოიძიონ და დაამუშავონ მასალები საქართველოში მცხოვრები ებრაელების, სომხების, აზერბაიჯანელების, ბერძნებისა და იეზიდების შესახებ. მათ კონსულტაციებსა და დახმარებას გაუწევენ არასამთავრობო ორგანიზაცია New People Generation წარმომადგენლები.
II ეტაპი
პროექტზე მუშაობის ბოლო ორი კვირა დაეთმობა უშუალოდ ჟურნალის მომზადებასა და გამოცემას. ჯურნალის კომპიუტერულ ფორმატირებასა და ელექტრონული ვერსიის შექმნაში პროექტში ჩართულ მოსწავლეებს დახმარებას გაუწევს 136-ე საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი, რისთვისაც გამოყენებული იქნება ამავე სკოლის კომპიუტერულ ტექნიკა. პროექტის დასასრულს 136-ე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყობა ჟურნალის: „მრავალფეროვნება და ერთიანობა“ პრეზენტაცია, სადაც მოვიწვევთ წარმომადგენლებს პროექტში ჩართული სკოლებიდან. ხოლო ჟურნალის ეგზემპლიარებს, როგორც სასწავლო რესურსს, გადავცემთ თბილისის არაქართულენოვანი სკოლების ბიბლიოთეკებს.