სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მისი მიზნობრივად გამოყენება. პროექტის გამარჯვების შემთხვევაში, როგორც კი სასოფლო სამეურნეო საქმიანობის დაწყება იქნება შესაძლებელი, სავარაუდოდ, აპრილის მე–3 კვირიდან მასწავლებლების დაფინანსებით ვიყიდით ეზო–გარემოს დასუფთავებისათვის საჭირო ინვენტარს: ცოცხებს, ნიჩბებს, ვედროებს და მოხდება ეზო–გარემოს დასუფთავება მოსწავლეების მიერ.
რაიონის სატყეო მეურნეობის დახმარებით, ტყიდან მოვიტანთ სასწავლო–საცდელი ნაკვეთის შესაღობად საჭირო მასალას (ბოძები) და ეზო–გარემოს გასამწვანებლად ნერგებს.
აპრილის ბოლოს, მოსწავლეები შეიძენენ ყვევილების თესლებს სკოლის ეზოში ყვავილნარებისათვის. მოსწავლის მშობლის დახმარებით მოვიტანთ მავთულის ღობეს სასწავლო–საცდელი ნაკვეთის შესაღობად, სასმელი წყლის რეზინის მილს, ონკანებს, ლურსმანს, ცემენტს, გაჯსა და მილს წყლის ონკანისათვის.
მაისის დასაწყისში შევიძენთ და მოვიტანთ ქვას, სანაგვე ორმოს გასაკეთებლად. მშობლების დახმარებით დავიწყებთ ნაკვეთის შეღობვას და მიწის დამუშავებას.
მაისის II კვირაში ამოვტუმბავთ და გავწმენდთ სველი წერტილის კანალიზაციას. კანალიზაციის გაწმენდაში დაგვეხმარება დასუფთავების სამსახური.
მაისის III კვირაში, ნაკვეთის შეღობვის დასრულებისთანავე მშობლების დახმარებით დავიწყებთ სანაგვე ორმოს მშენებლობას (სანაგვე ორმოს სიდიდე იქნება 6 კვ.მ.) , შევიძენთ ლობიოს თესლს და ნაკვეთის დამუშავებულ ნაწილზე დავთესავთ.
მაისის ბოლოს, რაიონის გამგეობის დახმარებით, გავჭრით სასმელი წყლის მილების ჩასაწყობ არხს და ჩავაწყობთ მილებს, გავწმენდთ სასმელი წყლის კანალიზაციის არხს და გავაკეთებთ ონკანს.
სავარაუდოდ, სამუშაოები დამთავრდება ივნისის მე–2 კვირაში, თუ ამინდის გაუარესება არ შეგვიშლის ხელს.