1. ლუკა კანდელაკი, მე-9 კლასის მოსწავლე - პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი;
2. ნესტან კუბლაშვილი, მოხალისე მასწავლებელი - დაგვეხმარება პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი დოკუმენტაციის შედგენაში;
3. VIIIგ, IXბ, IXგ, Xა კლასის 35 - 40 მოსწავლე - განახორციელებს პროექტს;
4. მონაწილე კლასების დამრიგებლები: ანა მაისურაძე, ანა კოსტავა, ქეთევან კახაბრიშვილი, ნესტან კუბლაშვილი - მოგვიგვარებენ საორგანიზაციო საკითხებს;
5. მოხალისე მშობლები: თამარ ბადრიძე, თამარ სულაშვილი, მაგდა ცინცაძე, თამთა მჭედლიძე, ვახტანგ გორგილაძე, ბელა მარდიანი, ნინო მახათაძე, ხათუნა კანდელაკი, სალომე ტოგონიძე, მარი გეთიაშვილი - მონაწილეობას მიიღებენ კვლევაში ბავშვების კვებითი ჩვევების გამოსავლენად და დაგვეხმარებიან ,,სუპერგმირის მენიუს" შედგენაში;
6. სპორტის მასწავლებლები: თინათინ კაკაშვილი, ვაჟა წიკლაური, ედიშერ ქადაგიშვილი - დაგვეხმარებიან ჩავატაროთ მინი-ტურნირები მაგიდის ჩოგბურთში;
7. სკოლის ექიმი, მაკა ნაცვლიშვილი - ექიმის საათის ფარგლებში გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს ჯანსაღი ცხოვრების წესის, როგორც გააზრებული ქმედებების ერთობლიობის მნიშვნელობაზე;
8. სკოლის ადმინისტრაცია - გამოგვიყოფს შესაბამის სივრცეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განსახორციელებლად და უზრუნველყოფს ჩვენს ტექნიკურ მხარდაჭერას.
,,გახდი შენი ცხოვრების სუპერგმირი!" - ეს არის ჩვენი პროექტის მთვარი გზავნილი იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც დრო აღარ რჩებათ სპორტისთვის, ხარისხიანი დასვენებისთვის, ჯანსაღი ურთიერთობისთვის და ინტერნეტდამოკიდებული უმოძრაო ცხოვრებით გადაღლილები, მხოლოდ სწრაფი კვების ,,გემრიელობებითა" და გაზიანი სასმელებით ცდილობენ ,,აზრზე მოსვლას" ანუ გახალისებას.
ყველა ვთანხმდებით, რომ ასეთი ქცევით მოზარდების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა ვერ გაუმჯობესდება. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად დავგეგმეთ პროექტი: ,,ჯანმრთელობა - ჩემი სუპერძალა", რომლის მიზნებიც შემდეგია:
1. მოვიძიოთ ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის სარგებლიანობის შესახებ და სახალისო აქტივობების გამოყენებით გავუზიაროთ თანატოლებს;
2. სასიამოვნო და მოტივაციური აქტივობებით ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას სასკოლო გარემოში;
3. სასკოლო შესვენებებზე ნაკლებ აქტიური თანაკლასელები ჩავრთოთ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში;
4. გავაძლიეროთ სოციალური კავშირები და ერთმანეთს დავეხმაროთ სტრესის მართვაში.
მიზნებიდან გამომდინარე, ველოდებით შემდეგ შედეგს:
1. ამაღლდება მოსწავლეთა ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ;
2. მნიშვნელოვნად გაიზრდება ფიზიკურ აქტივობებში ჩართულ მოზარდთა რაოდენობა სასკოლო შესვენებებზე;
3. ჯანსაღი და აქტიური დასვენების კულტურა ხელს შეუწყობს სკოლის საერთო ატმოსფეროს გაუმჯობესებას და დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას;
4. ჯანსაღი ფიზიკური აქტივობები გაააქტიურებს მოსწავლეთა კონცენტრაციის უნარს და გაუმჯობესდება სწავლების შედეგებიც;
რაც შეეხება საკითხს, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვინ, რას, სად და როდის განახორციელებს, ჩვენი გეგმა ასეთია:
1. პროექტის იდეის ავტორი ლუკა კანდელაკი მონაწილეებს წარუდგენს სამოქმედო გეგმას, გაიმართება დისკუსია, გადანაწილდება ფუნქციები. (2025 წლის თებერვალი);
2. ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა პროექტის ლიდერ მოსწავლეებთან: (საბა ადამაშვილი, ნანუკა გოგილაშვილი, გიორგი ჯუკაშვილი, სანდრო ბერიძე, ზუკა გორგილაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ნიკა სამხარაძე) და სპორტის მასწავლებლებთან: (თინათინ კაკაშვილი, ვაჟა წიკლაური, ედიშერ ქადაგიშვილი), განისაზღვრება საჭირო სპორტული ინვენტარის ნუსხა, ღირებულება და გრანტის ფარგლებში განსაზღვრული თანხით მოხდება მისი შეძენა. (2025 წლის თებერვალი);
3. მოხალისე მშობლები, მასწავლებლები და პროექტში ჩართული მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, ფოტომასალას ყოფილი თუ მოქმედი სპორტული მიღწევების მქონე თანასკოლელების შესახებ, შექმნიან სტენდურ მასალას სასკოლო სივრცეში სპორტული კუთხეების მოსაწყობად, მოიწვევენ სპორტსმენებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა. (2025 წლის თებერვალი-მარტი);
4. პროექტში ჩართულ მოსწავლეები სპორტის მასწავლებლებთან ერთად შეარჩევენ მსურველებს, შეადგენენ სავარჯიშო პროგრამას, სასკოლო შესვენებების განრიგს და გამართავენ მინი-ტურნირებს მაგიდის ჩოგბურთში; (2025 წლის თებერვალი-მარტი-აპრილი);
5. ექიმის საათის ფარგლებში: საინფორმაციო შეხვედრებს - ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე მოზარდთა ცხოვრებაში - ჩაატარებს სკოლის ექიმი - მაკა ნაცვლიშვილი და მოსწავლეებს დაეხმარება შექმნან ჯანსაღი კვების გზამკვლევი. (2025 წლის თებერვალი-მარტი)
6. მოსწავლეთა კვებითი ჩვევებისა და ფიზიკური აქტივობის დონის დასადგენად ლიდერი მოსწავლეები: ნანუკა გოგილაშვილი, საბა ადამაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ანასტასია ქავთარაძე, ბარბარე ძოწენიძე, თიკო გუდიშვილი, ნინო ჯიმშელეიშვილი ჩაატარებენ მინი კვლევას წინასწარმომზადებული კითხვარით, დაადგენენ, რა ინფორმაციას ფლობენ მათი თანატოლები საკვლევი საკითხის შესახებ და მიღებული პასუხების ანალიზის საფუძველზე, მოხალისე მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, შეიმუშავებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს, ჩაწერენ მცირე მოცულობის ვიდეომიმართვებს და გააზიარებენ სოციალურ ქსელებში. (2025 წლის მარტი -აპრილი);
7. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ,,სუპერგმირთა კლუბი", რომლის მთავარი მისია იქნება წინასწარ გაწერილი სამოქმედო გეგმით გამოავლინოს და განავითაროს კლუბის წევრთა ,,ჯანმრთელობის სუპერძალა", მაგალითად: სიჩქარის სუპერძალა (შეჯიბრი სირბილში), ინტელექტის სუპერძალა (ჭადრაკის ან რა? სად? როდის?თამაში), ლოგიკის სუპერძალა(ფაზლის აწყობა), კრეატიულობის სუპერძალა (ნახატის შექმნა), გემოვნების სუპერძალა(ჯანსაღი საუზმის მომზადება), გუნდის სუპერძალა (ფრენბურთის ან კალათბურთის თამაში) და ა.შ.( 2025 წლის მარტი-აპრილი);
8. ,,სუპერგმირთა კლუბი" ჩაატარებს კონკურსს: საუკეთესო ,,სუპერგმირის მენიუს" გამოსავლენად და სამი გამარჯვებული მონაწილე დასაჩუქრდება ე.წ. ჯანსაღი კვების თეფშით, რომელსაც თავად ბავშვები დაამზადებენ. (2025 წლის აპრილი);
9. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე შეკრებილ სასკოლო საზოგადოებას პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი - ლუკა კანდელაკი წარუდგენს განხორციელებული აქტივობების ამსახველ ვიდეომასალას და შესთავაზებს ე.წ. შთაბეჭდილების წიგნში დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები თუ სურვილები. (2025 წლის აპრილი)
მოკლევადიანი შედეგი:
1. სკოლის დერეფანში მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცის მოწყობა განაპირობებს შესვენებებზე მოსწავლეების აქტიური დასვენების შესაძლებლობას;
2. ჩატარებული სასკოლო ტურნირებით მაგიდის ჩოგბურთში გაუმჯობესდება მოსწავლეთა სოციალური კავშირები;
3. ჯგუფური აქტივობების ორგანიზებით მონაწილეებს გამოუმუშავდებათ თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები;
4. ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრების შედეგად მოსწავლეები დაფიქრდებიან ჯანსაღი ცხოვრების წესის სარგებლიანობაზე;
გრძელვადიანი შედეგები:
1. მოსწავლეები განივითარებენ ჯანსაღი ცხოვრების ჩვევებს, გაიზრდება მათი ფიზიკური აქტივობის დონე, რაც დაეხმარებათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაშიც;
2. სხვადასხვა კლასის მოსწავლეები დაუახლოვდებიან ერთმანეთს და სკოლაში შეიქმნება მეგობრული/მხარდამჭერი გარემო;
3. მოსწავლეთათვის ჯანსაღი ცხოვრების წესი გახდება ნორმა, რაც ხელს შეუწყობს სკოლაში სპორტული ტრადიციების დამკვიდრებას.
დღეს ჩვენ, მოზარდებს, უამრავი გამოწვევა გვაქვს. სკოლაში 5-6 საათი მერხთან უმოძრაოდ ვსხედვართ, შემდეგ სახლში გვიწევს პასიურ მდგომარეობაში გაკვეთილების მომზადება, რეპეტიტორებთან სიარული. სულ სადღაც გვეჩქარება, დროს ვერ ვპოულობთ, ნორმალურად რომ დავისვენოთ. თავისუფალ დროს ტელეფონში ვართ ჩაფლული: ან კომპიუტერული თამაშებით ვერთობით, ან სოციალურ ქსელებში ,,ვსქროლავთ". ძირითადად ვჭამთ: ჩიფსებს, ბურგერებს, შოკოლადებს, ვართ დაღლილები და ხშირად მოწყენილები.
მშობლები და მასწავლებლები სულ გვეუბნებიან, რომ ,,ჯანსაღად ვიკვებოთ", ,,სპორტით დავკავდეთ", ,,სმარტფონები გამოვრთოთ", მაგრამ როგორ, როცა ამდენი რამე გვაქვს გასაკეთებელი?! მართალია სპორტის გაკვეთილები გვიტარდება, მაგრამ ზოგს სპორტული ფორმის ჩაცმაც კი ეზარება, ზოგს კიდევ თანაკლასელების წინ ვარჯიშის რცხვენია... მოკლედ, ბევრი პრობლემაა, მაგრამ, ვფიქრობ, დრო მოვიდა ეს ყველაფერი შევცვალოთ და ცვლილებები იქიდან დავიწყოთ, სადაც დღის უმეტეს დროს ვატარებთ ანუ სკოლიდან.
სწორედ ამიტომ მოვიფიქრეთ ეს პროექტი, რომ გაჩვენოთ, როგორ შეიძლება გავხადოთ ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი სასკოლო ცხოვრების საუკეთესო ნაწილი, ყოველგვარი რთული ვარჯიშებისა და მკაცრი დიეტების გარეშე.
დაგეგმილი ღონისძიებები:
1. (ვინ?) ლუკა კანდელაკი, პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი.
(რას?) პროექტით დაინტერესებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს წარუდგენს სამოქმედო გეგმას.
(სად?) N172 საჯარო სკოლაში.
(როდის?) 04.02.2025 წ.
2. (ვინ?) ლიდერი მოსწავლეები (ლუკა კანდელაკი, საბა ადამაშვილი, ნანუკა გოგილაშვილი, გიორგი ჯუკაშვილი, სანდრო ბერიძე, ზუკა გორგილაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ნიკა სამხარაძე) და სპორტის მასწავლებლები: (თინათინ კაკაშვილი, ვაჟა წიკლაური, ედიშერ ქადაგიშვილი), მოხალისე მშობლები.
(რას?) გამართავს საინფორმაციო შეხვედრას საჭირო სპორტული ინვენტარის შესარჩევად, ღირებულების დასადგენად; გრანტის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით განახორციელებს შესყიდვას.
(სად?) N172 საჯარო სკოლაში.
(როდის?) 11.02.2025 წ.
3. (ვინ?) პროექტში ჩართული მოხალისე მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები.
(რას?) მოიძიებენ ინფორმაციას/ფოტომასალას ყოფილი თუ მოქმედი სპორტული მიღწევების მქონე თანასკოლელების შესახებ, შექმნიან სტენდურ თვალსაჩინოებებს სასკოლო სივრცეში სპორტული კუთხეების მოსაწყობად, მოიწვევენ სპორტსმენებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას.
(სად?) N172 საჯარო სკოლაში.
(როდის?) თებერვალი-მარტი, 2025 წ.
4. (ვინ?) პროექტში ჩართულ მოსწავლეები, სპორტის მასწავლებლები, მოხალისე მშობლები.
(რას?) შეარჩევენ მსურველებს, შეადგენენ სავარჯიშო პროგრამას, სასკოლო შესვენებების განრიგს და გამართავენ მინი-ტურნირებს მაგიდის ჩოგბურთში;
(სად?) N(172 საჯარო სკოლაში.
(როდის?) თებერვალი-მარტი-აპრილი, 2025 წ.
5. (ვინ) სკოლის ექიმი - მაკა ნაცვლიშვილი.
(რას?) საინფორმაციო შეხვედრებს - ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე მოზარდთა ცხოვრებაში; მოსწავლეებს დაეხმარება შექმნან ჯანსაღი კვების გზამკვლევი, რომლის ელექტრონულ ვერსიას გააზიარებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში.
(სად?) N172 საჯარო სკოლაში.
(როდის?) თებერვალი - მარტი, 2025 წ.
6. (ვინ?) ლიდერი მოსწავლეები:(ნანუკა გოგილაშვილი, საბა ადამაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ანასტასია ქავთარაძე, ბარბარე ძოწენიძე, თიკო გუდიშვილი, ნინო ჯიმშელეიშვილი, მარიამ კალანდაძე), მოხალისე მშობლები და მასწავლებლები.
(რას?) მინი -კვლევას მოსწავლეთა კვებითი ჩვევებისა და ფიზიკური აქტივობის დონის დასადგენად; მიღებული პასუხების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს, ჩაწერენ მცირე მოცულობის ვიდეომიმართვებს და გააზიარებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში.
(სად?) N172 საჯარო სკოლაში.
(როდის?) მარტი - აპრილი, 2025 წ.
7. (ვინ?) ,,სუპერგმირთა კლუბი".
(რას?) წინასწარ გაწერილი სამოქმედო გეგმით ჩაატარებს კონკურსს: ,,ჯანმრთელობის სუპერძალა" შემდეგი სუპერძალების გამოსავლენად: სიჩქარის სუპერძალა (შეჯიბრი სირბილში), ინტელექტის სუპერძალა (ჭადრაკის ან რა? სად? როდის?თამაში), ლოგიკის სუპერძალა (ფაზლის აწყობა), კრეატიულობის სუპერძალა (ნახატის/აპლიკაციის შექმნა), გემოვნების სუპერძალა (ჯანსაღი საუზმის მომზადება), გუნდის სუპერძალა (ფრენბურთის ან კალათბურთის თამაში).
(სად?) N172 საჯარო სკოლაში.
(როდის?) თებერვალი - მარტი - აპრილი, 2025 წ.
8. (ვინ?) ,,სუპერგმირთა კლუბი".
(რას?) კონკურსს: საუკეთესო ,,სუპერგმირის მენიუს" გამოსავლენად; გამოავლენს სამ გამარჯვებულ მონაწილეს და დაასაჩუქრებს ე.წ. ჯანსაღი კვების თეფშით, რომელსაც თავად ბავშვები დაამზადებენ.
(სად?) N172 საჯარო სკოლაში.
(როდის?) აპრილი, 2025 წელი.
9. (ვინ?) ლუკა კანდელაკი, პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი.
(რას?) პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგენს განხორციელებული აქტივობების ამსახველ ვიდეომასალას.
(სად?) N172 საჯარო სკოლაში ან თბილისის მოზარდთა სახლში.
(როდის?) 30.04.2025 წ.
ვფიქრობ, თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც ფიზიკური მოძრაობის ნაკლებობა და ცხოვრების მჯდომარე წესი სულ უფრო პრობლემური ხდება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი სპორტული აქტივობების დანერგვა, რომლებიც ხელმისაწვდომი და მიმზიდველი იქნება მოზარდებისთვის.
ჩვენი პროექტის ფარგლებში მაგიდის ჩოგბურთის ინვენტარის შეძენა გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ:
1. მაგიდის ჩოგბურთი არის სპორტის ხელმისაწვდომი სახეობა სხვადასხვა ასაკისა და ფიზიკური მომზადების მქონე ადამიანებისთვის და შესაძლებელია, ამინდის მიუხედავად, გამოვიყენოთ მთელი წლის განმავლობაში;
2. მაგიდის ჩოგბურთის ინვენტარი შეგვიძლია განვათავსოთ სკოლის დერეფანში, რაც საშუალებას მოგვცემს შესვენებებზე აქტიურად დავისვენოთ;
3. ეს სპორტის სახეობა არ გვზღუდავს ვითამაშოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად;
4. სასკოლო სივრცეში განთავსებული აღნიშნული სპორტული ინვეტარი შექმნის ჯანსაღი კონკურენციის გარემოს და დაგვეხმარება თანატოლებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარებაში;
5. ხელს შეგვიწყობს ფიზიკურად გავჯანსაღდეთ, გავიუმჯობესოთ მოძრაობის, კონცენტრაციისა და სწრაფი რეაქციის უნარები;
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი სპორტული ინვენტარი მოსწავლეებს საშუალებას მოგვცემს სკოლაში შევქმნათ აქტიური, ჯანსაღი, მეგობრული და მხარდამჭერი გარემო, რაც პირდაპირ პასუხობს პროექტის მთავარ მიზანს: გავხდეთ ჩვენი ცხოვრების სუპერგმირები; დავგეგმოთ სასიამოვნო/მოტივაციური აქტივობები; ნაკლებ აქტიური თანაკლასელები ჩავრთოთ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში; გავაძლიეროთ სოციალური კავშირები და ერთმანეთს დავეხმაროთ სტრესის მართვაში.
თანამშრომლობას ვაპირებთ საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციასთან და განვიხილავთ რამდენიმე ტიპის ქმედებას:
1. სკოლაში პერიოდულად მოვიწვევთ პროფესიონალ ინსტრუქტორებს, რომლებიც ჩაატარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გაკვეთილებს;
2. ვესტუმრებით ფედერაციას და ადგილზე ვნახავთ პროფესიონალთა თამაშს;
3. ფედერაციას შევთავაზებთ ჩავატაროთ ერთობლივი ღონისძიება, რომლის მიზანიც მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა და სპორტის პოპულარიზაცია იქნება.
პროექტი ,,ჯანმრთელობა - ჩემი სუპერძალა" განხორციელდება საბაზო საფეხურის VIIIგ, IXბ, IXგ, Xა კლასებში, შესაბამისად, სარგებელს, პირველ რიგში, დასახელებული კლასებიდან პირდაპირი ბენეფიციარის სახით ჩართული 35 - 40 მოსწავლე მიიღებს, მაგრამ თუ ჰიპოტეტურად, არაპირდაპირ ბენეფიციარებსაც (მონაწილეთა ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, თემს) გავითვალისწინებთ, აგრეთვე იმ ფაქტს, რომ N172 საჯარო სკოლის კონტიგენტი დაახლოებით 1200 მოსწავლისა და 70-მდე თანამშრომლისგან შედგება და ამჟამად N157 საჯარო სკოლაც ჩვენთანაა შემოსახლებული, მაშინ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებით სარგებელს დაახლოებით 1400-მდე ადამიანი მიიღებს.
პირდაპირი ბენეფიციარებიდან:
ა) 35 - 40 მოსწავლე;
ბ) 4 - კლასის დამრიგებელი;
გ) სპორტის 3 მასწავლებელი;
დ) 4 მოხალისე მასწავლებელი;
ე) 10 მოხალისე მშობელი
ვ) დირექციის 3 წევრი.
ზ) 1 სკოლის ექიმი
სულ: 65
რაც შეეხება ეროვნებათა უმცირესობებს, მოსწავლეებიდან: 1- არის პოლონელი, 3 - სომეხი, 1- რუსი, ხოლო 35 - ეთნიკურად ქართველი.
მშობლებიდან:1- სომეხი, 9 -ქართველი.
მასწავლებლებიდან -10-ივე ქართველი.
რაც შეეხება არაპირდაპირ ბენეფიციარებს, მათი რაოდენობა 1400-მდე შეიძლება ვივარაუდოთ და ეროვნებათა უმცირესობების რაოდენობა თემის მაცხოვრებელთა გათვალისწინებით დაახლოებით 2 % იქნება.
შესაძლო რისკებიდან, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას:
რისკი N1. სპორტული ინვენტარის დაზიანება, დაკარგვა ან არამიზნობრივად გამოყენება.
პრევენციული ზომა: სკოლის ადმინისტრაციას ვთხოვთ გამოგვიყოს კონკრეტული სივრცე, სადაც შევინახავთ ჩვენს სპორტულ ინვენტარს, ხოლო მონაწილეებს დეტალურად ავუხსნით გამოყენების წესებს და დავაკისრებთ პირად პასუხისმგებლობას.
რისკი N2. საჩოგბურთო ტურნირის დაგეგმილ დროში ვერ ჩატარება.
პრევენციული ზომა: განრიგის წინასწარ შედგენა და დროთა ცხრილების მკაცრი დაცვა.
რისკი N3. მწვრთნელების/ინსტრუქტორების არყოფნა.
პრევენციული ზომა: ტურნირის/ტრენინგის დაწყებამდე წინასწარ შეთანხმება და მათი საკონტაქტო ინფორმაციის შენახვა.
რისკი N4. მონაწილეთა რაოდენობა არ შეესაბამება სათამაშო სივრცეს.
პრევენციული ზომა: სათამაშო სივრცისთვის შესაბამისი რაოდენობის წინასწარ განსაზღვრა და რეგისტრაციის მართვა.
ჩვენი პროექტის ,,ჯანმრთელობა - ჩემი სუპერძალა" კონცეფციის მიხედვით, ფიზიკური/ფსიქიკური სიჯანსაღე ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია, ამიტომ წამოწყებულ საქმიანობას იმ ღონისძიებებით გავაგრძელებთ, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის უწყვეტობას, კერძოდ:
1. სკოლაში შევქმნით მაგიდის ჩოგბურთის მოყვარულთა კლუბს;
2. დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაძიებლად მონაწილეობას მივიღებთ სხვადასხვა საგრანტო კონკურსში;
3. შევადგენთ სპორტული ღონისძიებების კალენდარს და მშობელთა/მასწავლებელთა მოხალისეობრივ ჯგუფებთან ერთად რეგულარულად გავმართავთ საქველმოქმედო ტურნირებს;
4. პროექტის მდგრადობისთვის გამოვიყენებთ საინფორმაციო კამპანიას და სოციალურ ქსელებში (ფეისბუკი, ინსტაგრამი, იუთუბი) გავაზიარებთ აქტივობების ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალას, წარმატებული მონაწილეების ისტორიებს;
5. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ თემთან, ყოფილ კურსდამთავრებულებთან, რომლებიც შეიძლება დაინტერესდნენ ჩვენი პროექტის მხარდაჭერით;
6. გავაგრძელებთ თანამშრომლობას სპორტულ ფედერაციასთან, დავგეგმავთ ერთობლივ ღონისძიებებს.
ვფიქრობ, დასახელებული აქტივობები დაგვეხმარება შევინარჩუნოთ პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შენდეგაც და ჩვენი სუპერძალების აქტიური განვითარებით მომავალშიც გავაგრძელებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
გინდა გახდე სუპერგმირი? ჩვენთან ერთად ეს მარტივია!
პროექტი :,,ჯანმრთელობა - ჩემი სუპერძალა" გასწავლის, როგორ იზრუნო შენს თავზე მარტივად და სახალისოდ. აქ გაიგებ, როგორ გახადო შენი სხეული და გონება უძლიერესი. აღმოაჩენ, რომ ჯანსაღი ცხოვრება სულაც არ არის მოსაწყენი. შენც შეგიძლია გახდე შენი ცხოვრების სუპერგმირი, უბრალოდ, უნდა ისწავლო საკუთარი სუპერძალების გამოყენება.
მზად ხარ თავგადასავლებისთვის?
შემოგვიერთდი და ერთად ვისწავლოთ, როგორ გავხდეთ უფრო ჯანმრთელები და ძლიერები!
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
Tea Amurvelashvili
დეკემბერი 8, 2024 | 3:28 pmჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის პროექტის მიზანი. ინოვაციურ მეთოდებს იყენებენ მოსწავლეები, დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები.
პროექტი პასუხობს შეფასების კრიტერიუმებს დამაკმაყოფილებელ საფეხურზე და უნდა იყოს მხარდაჭერილი